ევროკავშირი ბელარუსს რუსეთ-უკრაინის ომში თანააგრესორად განიხილავს
ევროკავშირი ბელარუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში თანააგრესორად მიიჩნევს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ვენაში, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაკეთდა.
„უკრაინის წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის სრულმასშტაბიანი ომი არის საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევა და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. გასულ კვირას მიღებულმა გაერო-ს ისტორიულმა რეზოლუციამ აჩვენა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია რუსეთის ომის წინააღმდეგ. რუსეთს, ლუკაშენკოს რეჟიმის, როგორც თანააგრესორის მონაწილეობით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანის მსხვერპლსა და ნგრევაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულფასოვნად პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანია.
მსგავსი მოწოდებით ევროკავშირმა ბელარუსსაც მიმართა.
„ჩვენ ასევე ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ბელარუსის მიმართ, რომ არ შეუწყოს ხელი რუსეთის აგრესიას და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის თავდაცვის განუყოფელ უფლებას, ისევე – როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევას დაიცვას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოსახლეობა, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.