სოფლის მეურნეობის მინისტრი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოთარ დანელია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამების, სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და კოოპერატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
აშშ-ს ელჩმა, ოთარ დანელიას მიულოცა სოფლის მეორნეობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და დასძინა რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეორნეობის მხარდაჭერას.
“სოფლის მეურნეობა არის ის პრიორიტეტული დარგი, რომლის განვითარებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლსაში. მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ მინისტრთან მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ რამდენიმე ახალი საინტერესო იდეა, რომელიც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას”, – განაცხადა აშშ ელჩმა.
„ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო ამერიკული კომპანია არის ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, გარდა ამისა, იგეგმება არაერთი ახალი ერთობლივი პროექტი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სოფლის მეურნეობის დარგში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.