ომი მიმდინარეობს, რადგან დონბასს არ სურს გეი აღლუმები – რუსეთის პატრიარქი
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებლები შენდობის კვირას აღნიშნავენ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებზე ისაუბრა. პატრიარქმა სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად, მიმდინარე სიტუაციის მიზეზად გეი აღლუმები დაასახელა.
პატრიარქის თქმით, არსებული ვითარება, რომელსაც მან უწოდა „პრაქტიკულად საომარი მოქმედებების დასაწყისი“, განპირობებულია იმით, რომ რვა წელია გარკვეული ძალები ცდილობენ გაანადგურონ ის, რაც დონბასში არსებობს. კირილის თქმით, არსებობს „უარყოფა, ფუნდამენტური უარყოფა ეგრეთ წოდებულ ღირებულებებზე, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ ისინი, ვინც ამტკიცებს მსოფლიო ძალაუფლებას“.
„ბევრი ადამიანისთვის გეი-პრაიდის აღლუმის გამართვის მოთხოვნა არის ყველაზე ძლიერი ლოიალობის ტესტი სამყაროსადმი“, – თქვა კირილმა.
მისი თქმით, „დღეს ამ თემის ირგვლივ ნამდვილი ომი მიმდინარეობს“.
ვინ უტევს დღეს უკრაინას, სადაც რვა წელია დონბასში ხალხის განადგურება მიმდინარეობს? – კირილემ რიტორიკული შეკითხვა დაუსვა, მაგრამ პასუხი არ გასცა, თუმცა დასძინა, რომ „ჩვენ შევედით ბრძოლაში, რომელსაც არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური მნიშვნელობა აქვს“.
მან ასევე დაამატა, რომ მართლმადიდებლები „არ შეიძლება არ იყვნენ“ დონბასში ძმებთან და მოუწოდა მათ, ილოცონ მათთან ერთად მშვიდობისთვის, კვლავ ახსენა დონბასი და არა უკრაინა.