“არ მგონია, უკრაინელებს რუსეთში წასვლა მოუნდეთ, ფარისევლობაა იმის მტკიცება, რომ ისინი იქ უსაფრთხოდ იქნებიან” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ცოტა უკრაინელი ეგულება, ვისაც, ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობის ფარგლებში, რუსეთში წასვლა მოუნდება.
ამის შესახებ მან ტელეარხ LCI-ის ეთერში განაცხადა.
დღეს რუსეთში განაცხადეს, რომ ემანულ მაკრონის და ვლადიმერ პუტინის საუბარის შედეგად გადაწყდა, რომ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა და მცირე ხნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდება. ამასთან, რუსულმა მხარემ ხალხის ევაკუაციის გეგმაც წარადგინა, რომლის მიხედვით, უკრაინელების ქვეყნიდან გასვლის საბოლოო პუნქტი რუსეთია.
აღნიშნულს უკრაინის ვიცეპრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის წინადადება აბსურდული და მიუღებელია.
ვერეშჩუკმა რუსულ მხარეს საკუთარი სქემა წარუდგინა და, ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღია. ამასთან, უკრაინელმა მინისტრმა ემანუელ მაკრონსაც მიმართა და თქვა – “იმედი მაქვს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ესმის, რომ მისი სახელით რუსეთში მანიპულირებენ”.
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი საჭიროდ მიიჩნევს, გამოცხადდეს ზავი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების მიზნით.
„აუცილებელია, რომ ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა იმუშაონ. საჭიროა ზავი, სანამ ისინი იცავენ ქალებს, კაცებს და ბავშვებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ და რომ მოხდეს მათი კონფლიქტის ზონიდან გაყვანა”, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
მაკრონმა ასევე სკეპტიკურად შეაფასა უკრაინის მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია და თქვა, რომ ცოტა უკრაინელი ეგულება, ვინც რუსეთში წასვლას დათანხმდება.
“ეს არის ხელოვნური კომუნიკაციის ტექნიკა, რომელსაც მე არ ვეთანხმები. ფარისევლობაა იმის მტკიცება, რომ უსაფრთხოდ იქნებიან, თუ მათ რუსეთში გადაიყვანენ. არასერიოზულია, მორალურად და პოლიტიკურად ცინიკური და მიუღებელია”, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, იღებს ვალდებულებას, განახორციელოს ჰუმანიტარული ოპერაციები და “კონფლიქტის ზონიდან მეზობელი და სხვა ქვეყნების უსაფრთხო ზონებში, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების, ასევე, უკრაინელებისა და უცხოელების ევაკუაცია”.