უკრაინელების დასახმარებლად, სისხლის ჩაბარების სურვილით ჯანდაცვის სამინისტროს 2 000-მდე მოქალაქემ მიმართა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ უწყებაში 1 963 განაცხადი შევიდა.
ამის შესახებ საქართველოს ,,პირველ არხს,, ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ცნობისთვის, 4 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 05 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე donor.moh.gov.ge. მათივე განცხადებით, სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ქვეყნის მასშტაბით, უახლოეს სისხლის ამღებ პუნქტში (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) მოიწვევს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით, უკრაინაში გაიგზავნება.