“არსებობდა ევროპა 24 თებერვლამდე და არის მეორე – შემდგომი” – დანია უსაფრთხოების პოლიტიკას ცვლის

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, დანიაში პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ „ისტორიულ შეთანხმებას“ მიაღწია უსაფრთხოების სფეროსა და ევროკავშირთან ურთიერთობაში სახელმწიფოს პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების შესახებ.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

შეთანხმების სახელწოდებაა “დანიის უსაფრთხოების პოლიტიკაზე ეროვნული კომპრომისი”.

როგორც ქვეყნის პრემიერმა თქვა, “ბოლო ათი დღის განმავლობაში სამყარო შეიცვალა. იყო ევროპა 24 თებერვლამდე და არის მეორე – შემდგომი”.

შეთანხმების ფარგლებში, დანია იწყებს საკუთარი შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან განახლებას, გადადგამს ნაბიჯებს რუსეთის იზოლაციისთვის და ასევე უარს იტყვის დისტანცირების პრინციპზე ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკის მიმართ, რომელიც მოქმედებდა ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფართომასშტაბიანი ცვლილებები მოითხოვს მოსახლეობის თანხმობას რეფერენდუმზე, თუმცა, პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ კენჭისყრა დადებითი იქნება.

გამოცემა Berlingske დოკუმენტის ხუთ ძირითად დებულებას აქვეყნებს.

ევროკავშირში დანიის „თავდაცვით პირობებზე“ უარის თქმა: ამჟამად, დანია არ მონაწილეობს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმ ნაწილებში, რომლებიც ეხება თავდაცვას, მათ შორის, დახმარებას ევროკავშირის სამხედრო ოპერაციების დაფინანსებაში და არ გამოყოფს ჯარისკაცებს ან სამხედრო აღჭურვილობას.

თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 2%-მდე გაიზრდება: 2024 წლიდან ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზრდება, და 2033 წელს მშპ-ს 2%-ის მიზანს მიაღწევს. აქამდე დანია თავს არიდებდა ნატო-ს ამ მიზნის მიღწევას.

1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გადაუდებელი ინვესტიციების ჩადება თავდაცვაში;

უარი რუსულ გაზზე: ენერგეტიკული პოლიტიკა ასევე უსაფრთხოების პოლიტიკაა, ამიტომ დანიამ ეტაპობრივად უნდა თქვას უარი რუსულ გაზზე და მთავრობა იმუშავებს იმისთვის, რომ დანარჩენმა ევროპამაც იგივე გააკეთოს.

ბიუჯეტის დეფიციტის მოგვარება: ამ ხარჯების გამო, დანიას, უახლოეს წლებში ზომიერი ბიუჯეტის დეფიციტი მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები