დღეს ეროსი მანჯგალაძეს 97 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ეროსი მანჯგალაძეს დღეს 97 წელი შეუსრულდებოდა.
მსახიობი 1925 წლის 3 მარტს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1947), იმავე წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
1980 წლიდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის” კინომსახიობთა თეატრის თეატრის დირექტორად და მსახიობად.
ეროსი მანჯგალაძე გამოირჩეოდა მაღალი აქტიორული ოსტატობით, გარდასახვის ნიჭით, მასშტაბურობით, უშუალობით, ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით, მუსიკალობით.
მის მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლებია: ივანე მახარაძე (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე”), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის „პეპო”), ლოპესი (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი”), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”), გვადი (ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა”), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე”), აპრაკუნე (ი. ვაკელის „საქმიანი კაცი”), დათვი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა”), თავადი ვანო (ა. ცაგარელის „ხანუმა”), აზდაკი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე”) და სხვა.
ეროსი მანჯგალაძემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში – შექმნა ეროვნული კოლორიტით გამთბარი კომედიური სახეები: ალექსანდრე („„წარსული ზაფხული”), სევერიანი („თოჯინები იცინიან”), სამჭკუაშვილი („ქვევრი”), მღვდელი („ლონდრე”), ჩორეხი („ნატვრის ხე”) და სხვა.
ეროსი მანჯგალაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის (ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში.მისი სახელობისაა დრამატულ გადაცემათა მთავარი სტუდია.
უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სპორტული კომენტატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ეროსი მანჯგალაძის ქუჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები