გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა სასტუმრო „თბილისი ცენტრალში“ განთავსებული უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს და მათთვის საჭირო პროდუქტები გადასცეს.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სასტუმროს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაებინავებინა ოცდათხუთმეტამდე უკრაინელი სტუმარი, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეს არ იქნება ერთჯერადი მხარდაჭერა.
„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, სოლიდარულები ვიყოთ უკრაინელების მიმართ. როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველივე დღიდან კოორდინებულად ვცდილობთ უკრაინელი მოსახლეობის დახმარებასა და მხარდაჭერას“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საქართველოში სტუმრად მყოფ, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საომარი ვითარების გამო სამშობლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა თანადგომა გამოუცხადეს და მომავალშიც ინტენსიურ თანადგომას დაჰპირდნენ.