დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გარშემო დაიწყო. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ უკრაინის თემა დღეს ყველაზე მტკივნეული სწორედ საქართველოსთვისაა, ვინაიდან ის, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, დღეს უკრაინაში ხდება. „იმედს ვიტოვებთ, რომ გაერთიანებული მსოფლიო, აგრესორი რუსეთის შეჩერებას შეძლებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და შეძლებისდაგვარად ყოველ მხრივ დავეხმარებით,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრა ძირითადად UNICEF-ის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი კვლევის მიხედვით, გურიის რეგიონის სოფლებში წყლის დაბინძურების საკითხს და მაშავის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს ეხებოდა, მათ შორისაა წყლის გასაფილტრი ინოვაციური სისტემების დანერგვის საკითხი. როგორც შეხვედრაზე ითქვა, პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,შალომ კლუბ გურია”, სადაც მაშავის პროგრამის კურსდამთავრებულები არიან გაერთიანებული, გადაწყვიტა საქართველოში ჩამოიტანოს და დანერგოს სხვადასხვა დარგის თანამედროვე მიღწევები.

ერთ-ერთი პროექტი სწორედ წყლის გასაფილტრი სისტემების ჩამოტანა და დამონტაჟებაა. ისრაელის საელჩომ, სხვა საელჩოებსა და ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით საპილოტე პროექტი 20-მდე სკოლაში უკვე დააფინანსა. დიმიტრი ხუნდაძემ ისრაელის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა საქართველოში მაშავის პროგრამით განხორციელებული პროექტებისთვის, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. „შეხვედრაზე წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა კვლევებით დგინდება, რომ წყლის დაბინძურება შეინიშნება საქართველოს უმრავლეს რეგიონში”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ახალ პროექტთან დაკავშირებით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისრაელის საელჩოს მაშავის (MASHAV) პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი, ისრაელის კომპანია NUF წარმომადგენელი მინო ნეგრინი და არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბ გურია”-ს ხელმძღვანელი ზაურ ოსეფაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები