ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (US CDC) მაღალი რანგის დელეგაცია, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ცენტრში, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია.
„მისასალმებელია, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა აგრესორის წინააღმდეგ, რაც იმის საწინდარია, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და შეძლებს დაიკავოს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ სამყაროში. დიდება უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს! დიდება საქართველოს! ამასთან, ჩვენი ცენტრი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო ტესტირებას COVID-19-ზე და/ან ნებისმიერი სახის პროფილურ სამედიცინო მომსახურებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.