თემატური მოკვლევის ჯგუფმა მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობაზე იმსჯელა

მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით დაწყებული თემატური მოკვლევის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. შეხვედრაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამების ეფექტიანობის და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, TBC კაპიტალის წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, „დაინტერესებული მხარეების მიერ ამ პროგრამის წინაშე არსებული გამოწვევების დანახვა მნიშვნელოვანია და მათი გამოსწორებით კიდევ უფრო მეტი დადებითი ეფექტი შეიძლება მივიღოთ. ამიტომ ფართო ჩართულობა და სხვადასხვა მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანი ფაქტორია საბოლოო შედეგისთვის“.

თემატური მოკვლევა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID/GGI) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები