განათლების და მეცნიერების კომიტეტმა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის შესახებ იმსჯელა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.
„ქართული ოცნების” გუნდის სახელით უკრაინელ ხალხს მინდა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და გმობს იმ საზარელ ომს, რომელიც დღეს ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს”-, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა. სხდომაზე, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა:
„ყველაზე ძალიან, რაც გაეხარდება რუსეთს არის ის, რომ ნახოს ჩვენი ქვეყანა ამ კრიტიკულ მომენტში გახლეჩილი. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ საკითხზე თუ როგორ გავაძლიეროთ თუნდაც განათლების მიმართულებით ეს თემა, მაგალითად, ბანაკებში დასასვენებელი თუ სარეაბილიტაციო შესაძლებლობები მივცეთ ჩვენს უკრაინელ ხალხს. ასევე აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატიური სამსახური, ჩვენი საკონსულო ოდესაში და საელჩო კიევში, რომლებიც იქ არიან სრული შემადგენლობით და აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „განათლების ხარისხის განვითარებისა” და “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონებში შესატან ცვლილებებს მოიცავს. ცვლილებები 2022 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემას და, შესაბამისად, კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციას ეხება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესში აკრედიტაციის სტანდარტების საფუძველზე სიღრმისეულად შეფასდება საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, რესურსები, ხარისხის მექანიზმები და პროგრამის განვითარების შესაძლებლობები. დღესვე კომიტეტმა განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატანი კიდევ ერთი ცვლილებების პროექტი, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მოქნილი და ეფექტიანი მმართველობითი ფორმების შექმნის მოთხოვნამ განაპირობა.
„ამასთანავე, ცვლილებები განაპირობა უცხოელი კვალიფიციური აკადემიური პერსონალის საერთაშორისო სკოლაში ან საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში ინტეგრაციის, აკადემიური პერსონალის სტატუსის მიღების წესის და პირობების საჭიროებამ, რაც იმოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმატების ინდიკატორზე”, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.