საქმეზე, რომელზეც საია მუშაობდა, სააკაშვილის სავარაუდო დანაშაული იკვეთება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუშაობდა ერთ–ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფოსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ეხებოდა. საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება.
“საიამ რამდენიმე თვის წინ გააკეთა განცხადება და ჩვენ იქ პირდაპირ ვთქვით, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, ეს გახლავთ სახელმწიფოსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის საერთაშორისო არბიტრაჟის პერიოდში გაფორმებული შეთანხმება. ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმების რამდენიმე პირობა, მართლაც, დამაფიქრებელი იყო, კერძოდ იმ შეთანხმებაში ეწერა, მაგალითად, ერთი სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდული და მიუღებელი რამ, რომ სახელმწიფო კერძო პირებს შეუთანხმდა, რომ ამ შეთანხმების თანახმად გადასცემდა მესამე პირის ქონებას. როგორ შეიძლება პეტრე შეუთანხმდეს პავლეს, რომ გადასცემს ივანეს ქონებას და ივანეს არაფერი კითხოს? მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი შემთხვევა იყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით”, – აცხადებს კოჟორიძე.
საიას თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნული ხელშეკრულება პრეზიდენტის უშუალო ჩარევის გარეშე ვერ გაფორმდებოდა.
“იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილე ბურჯალიანი უშუალოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, პრეზიდენტმა მისცა მინდობილობა, რომ მას ასეთი სახის ხელშეკრულება დაედო და შემდეგ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პრეზიდენტის აქტით მოხდა ამ შეთანხმების საიდუმლო დოკუმენტად გამოცხადება, შესაბამისად პრეზიდენტის ჩართულობა ამ საქმეში ჩანს და ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ იკვეთება ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება, რაც აუცილებლად საჭროებს შესწავლას”, – ამბობს კოჟორიძე.
როგორც საიას თავმჯდომარე აცხადებს, პროკურატურის ქმედება მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე გაუმართლებელი არ არის იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულის ჩადენა კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება.
“რაზეც პროკურატურამ ისაუბრა, რომ ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები კანონის წინაშე არიან თანასწორნი და დაუსჯელობას უნდა ვებრძოლოთ, ეს ჩვეულებრივი ლეგიტიმური მიზანია, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება. შეიძლება რიგით ადამიანებს, საზოგადოებას, მედიას ჰქონდეთ ასეთი შეხედულება და პირადი მოსაზრება, რომ რაც ტელეკომპანია “იმედს” გადახდა, რაც 7 ნოემბერს მოხდა, ან 26 მაისს და მსგავსი ტიპის საქმეები, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა პრეზიდენტის პირადი ჩართულობის გარეშე, მაგრამ ერთია, რა კითხვებს სვამს საზოგადოება და მეორეა, არსებობს თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ უშუალოდ სააკაშვილმა გასცა ასეთი ბრძანება, უშუალოდ მისი გადაწყვეტილებით მოხდა ესა და ეს. ეს ყველაფერი კონკრეტულ მტკიცებულებებზე უნდა დავიდეს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი, რა მტკიცებულებებით არის გამყარებული”, – აცხადებს კოჟორიძემ.