“რუსეთი ამ ომს ისე სამარცხვინოდ წააგებს, ბოლოს შეიძლება, საწვავიც კი აღარ ჰქონდეს უკან გამოსაქცევად” – გიორგი ცუცქირიძე

“რუსეთი ამ ომს ისე სამარცხვინოდ წააგებს, ბოლოს, შეიძლება, საწვავიც კი აღარ ჰქონდეს უკან გამოსაქცევად”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საერთაშორისო გადამზიდავები რუსეთში არსებულ შეკვეთებს სათითაოდ აუქმებენ, ამით კი რუსეთში, ფაქტობრივად, შეწყდება ყველა იმ ტექნოლოგიის და ქიმიკატების მიწოდება, რაც მას სამხედრო ტექნოლოგიების და მთავარი სტრატეგიული ნედლეულის-ნავთობისა და გაზის წარმოებისთვის სჭირდება.

“უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, უკრაინა-ბელორუსის საზღვართან, თუმცა, საეჭვოა, რაიმე შედეგით დასრულდეს. ამის მოლოდინი არც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აქვს და, როგორც ჩანს, არც ტრეიდერებს. ამასთან, პუტინის ბოლო განცხადებამ ნეგატიური მოლოდინები კიდევ უფრო გაზარდა და უკვე ამ საღამოსვე რუსული რუბლი, მიუხედავად “ცენტრობანკის” ინტერვენციებისა გაუფასურების სარეკორდო მაჩვენებელზე ავარდა, ხოლო 1 აშშ დოლარი 114 რუბლს გაუტოლდა.

ხვალ, დიდი ალბათობით, “შავი ორშაბათის” მომსწრენიც გავხდებით. რუბლი მორიგ რეკორდებს მოხსნის, ისევე როგორც წამყვანი რუსული კომპანიების აქციების და სხვა ფასიანი ქაღალდების მორიგ სარეკორდო გაუფასურებას უნდა ველოდოთ და ზარალიც ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარს შეიძლება გაუტოლდეს, ომის დაწყებიდან სულ რაღაც ხუთ დღეში!

ეს იმ სკეპტიკოსებისათვის, დასავლური სანქციების, რომ არ სჯეროდათ და არც აშშ – ის და არც ევროკავშირის განცხადებების რეალობისა უკრაინაში რუსული შეჭრის შემთხვევაში რუსული ეკონომიკისათვის დამანგრეველი შედეგების დადგომაზე!

რუსეთის მიმართ სანქციები ყოველდღიურად მკაცრდება. აშშ ის და ევროკავშირის მიერ, რუსული აქტივების გაყინვას, და რუსული ბანკებისათვის სანქციებს, ჯერ რუსეთის “სვიფტიდან” გათიშვის გადაწყვეტილება მოყვა და შემდეგ უარესი აშშ- ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება რუსული კომპანიებისათვის და “ცენტრობანკისათვის ”
დოლარზე წვდომის შეზღუდვაზე, ხოლო საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, საერთაშორისო გადამზიდავები სათითაოდ აუქმებენ რუსეთში არსებულ შეკვეთებს.

ამით რუსეთში ფაქტიურად შეწყდება ყველა იმ ტექნოლოგიის და ქიმიკატების მიწოდება, რაც რუსეთს ასე სჭირდება სამხედრო ტექნოლოგიების და მთავარი სტრატეგიული ნედლეულის-ნავთობისა და გაზის წარმოებისთვის.

და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რუსეთი ამ ომს ისე სამარცხვინოდ წააგებს, ბოლოს შეიძლება საწვავიც კი აღარ ჰქონდეს უკან გამოსაქცევად! ამის ერთ-ერთ ინდიკატორად კრემლის მიერ საინფორმაციო ომის წაგება გამოდგება. პირველად მოხდა, რომ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული მედიასაშუალებები – Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები აკრძალა.”- წერს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, პუტინს და მის გარემოცვას ჰააგის ტრიბუნალი არ ასცდება.

“პუტინის მუქარა და ბირთვული იარაღით შანტაჟი დარჩება მუქარად, ხოლო სსრკ- ის აღდგენის მისი უტოპიური მცდელობა კი დასრულდება ჯერ რუსეთის სრული იზოლაციით და ეკონომიკის ჩამოშლით, რასაც სავარაუდოდ, უკვე პოსტპუტინისტური პერიოდი მოყვება, ხოლო უახლოეს 3-4 წელიწადში დამარცხებული ცენტრიდან რეგიონების დისტანცირება და რამდენიმე ნაწილად მისი დაშლის მომსწრენიც გავხდებით, ისე არც სამოქალაქო ომია გამორიცხული!

პუტინი და მისი გარემოცვა, კი, თუ რუს ხალხს გადაურჩა, ჰააგის ტრიბუნალი, ნაღდად, არ ასცდებათ და არც ზელენსკის მიუმართავს შემთხვევით ჰააგისათვის!

რუსეთის ფაქტობრივი ირანიზაცია, აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, მინიმუმ 450 მილიონი აშშ დოლარის დანაკლისით მარტო ამ წელიწადს, ეს ექსპორტსაც ეხება, ფულად გზავნილებსაც და ტურიზმსაც, და თქვენ წარმოიდგინეთ იმპორტსაც მის ჩასანაცვლებლად გაცილებით მაღალი ფასის გადახდის გამო.

აქედან გამომდინარე, საქართველო ახლა ტაშ-ფანდურებს კი არ უნდა მართავდეს, მაქსიმალურად უნდა იყოს კოორდინაციაში ახალ ტრანსატლანტიკურ ღერძებთან და ყველა სცენარისათვის მოემზადოს, პირველ რიგში, უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად, რისკებიც ერთი ორად გაზრდილია”- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები