გიორგი ამილახვარი: კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან, რათა, ის შესაძლებლობები რაც საქართველოს გააჩნია, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, სრულად იყოს უზრუნველყოფილი
“ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენ პარტნიორებთან, რათა, ის შესაძლებლობები რაც საქართველოს გააჩნია, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, სრულად იყოს უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„რას აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლება. პირველი: კიევში და ოდესაში საელჩოს და საკონსულოს ყველა თანამშრომელი ამ წუთასაც ადგილზე იმყოფება. ისინი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან უკრაინის ხელისუფლებასთან და კომუნიკაციაში არიან საქართველოს მოქალაქეებთან, ვინც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ ორი დღის წინ, ევროსაბჭოზე მხარი დავუჭირეთ რუსეთისთვის მონაწილეობის შეჩერებას, როგორც ევროსაბჭოს მინისტერიალზე, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ესაა ჩვენი პოლიტიკური გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ღონეს ხმარობს, საერთაშორისო დონეზე. ასევე ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენ პარტნიორებთან, რათა, ის შესაძლებლობები რაც საქართველოს გააჩნია, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით სრულად იყოს უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი არ არის. ბუნებრივია, ჩვენ ყოველდღიურად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებით არ გავჩერდებით, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც საქართველოს გააჩნია, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა ამილახვარმა.