ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს სიცრუეა და იმ ომისა და აგრესიის ნაწილია, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს
“სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს”,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი ქართულ საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.
“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას. ჩვენი, როგორც ნებისმიერი საბანკო ზედამხედველის მიზანი არის ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვა და ჩვენი ქმედებები ამას და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.
დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისთვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებას.
ეროვნული ბანკი ეტაპობრივად გაგაცნობთ ინფორმაციას ქართულ საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ”,- ნათქვამია განცხადებაში.