დიმიტრი ხუნდაძე: საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა
“ამ მძიმე ფონზე საჭიროა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა! ომის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა, რისი რისკიც რეალურად არსებობს, შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს.
“ამ მძიმე ფონზე საჭიროა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა. ომის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა, რისი რისკიც რეალურად არსებობს, შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. შესაძლოა ნებისმიერმა ჩვენგანმა საკუთარი თავი გარისკოს და გაწიროს კიდეც, მაგრამ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების რისკის ქვეშ დაყენების უფლება არავის აქვს.
რუსეთი ცდილობს უკრაინა ჯოჯოხეთად აქციოს, რაც სულისშემძვრელია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. უკრაინელებს გამძლეობა, რუსეთს საომარი ქმედების შეჩერება და დანარჩენ მსოფლიოს მეტი ეფექტური ქმედება ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჯოჯოხეთად მთელი მსოფლიო იქცეს.
საქართველო მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას, რომლის ფასიც ჩვენ კარგად ვიცით”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.