ამირან სალუქვაძე – რუსეთზე: მთავარი მიზანი აქვს, მოახდინოს უკრაინის დასუსტება, სამხედრო პოტენციალის მინიმუმამდე დაყვანა და თუ გამოუვა, ხელისუფლების ცვლილებაც კი
სამხედრო ექსპერტის ამირან სალუქვაძის განცხადებით, რუსეთს ორი გაცხადებული მიზანი აქვს, თუმცა მათგან მთავარი არცერთი არ არის. მისი თქმით, აგრესორი ქვეყნის მთავარი მიზანი უკრაინის დასუსტება და მისი სამხედრო პოტენციალის მინიმუმამდე დაყვანაა.
„ორი მიზანი აქვს ოპერაციას, რაცაა გაცხადებული. ეს არის უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ალბათ, აქვთ დაწერილი უზარმაზარი შავი სია და შეეცდებიან, ამ პირების დაკავებას. საკითხავია, როგორ გამოუვათ, მაგრამ მთავარი მიზანი აქვთ, მოახდინონ უკრაინის დასუსტება, სამხედრო პოტენციალის მინიმუმამდე დაყვანა და თუ გამოუვათ, ხელისუფლების ცვლილებაც კი“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, ცეცხლი შეწყდება, თუმცა შემდეგ საკითხავია, როგორ აპირებს რუსეთი უკრაინელებთან ერთად თანაცხოვრებას. სალუქვაძე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ყოველივე თავად რუსეთს ძალიან ცუდად დაუბრუნდება.