უკრაინელი ტურისტი – მადლობა საქართველოს მთავრობას, პირველივე წუთიდან მოგვიკითხეს
უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს.
უკრაინელი ტურისტი ვლადიმერ კისლი საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.
“ ომის გამო ვეღარ ვბრუნდებით სამშობლოში, ხარკოვიდან ვართ. ჩვენი ნათესავები მეტროს აფარებენ თავს. ჩვენ საქართველოში დასასვენებლად ვიყავით ჩამოსული და უკან ვეღარ ვბრუნდებით. მადლობა საქართველოს! პირველივე წუთიდან მოგვიკითხეს მთავრობიდან, დაინტერესდნენ ხომ არ გვჭირდებოდა რაიმე დახმარება! დიდი მადლობა საქართველოს, თანადგომას ვგრძნობთ ყველგან! “ – აცხადებს უკრაინელი ტურისტი – ვლადიმერ კისლი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909.