თბილისის საკრებულოს ინიციატივით, იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მიმართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია და სიმბოლურია, რომ ქუჩისთვის სახელის მინიჭება სწორედ დღეს განხორციელდა. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და სიმბოლურია, რომ დღეს კოჯორში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას მაკარ ბურჭულაძის სახელი მივანიჭეთ. საბჭოთა ოკუპაციის დროს რუსეთის მე-11 არმიის შენაერთებსა და ქართულ ჯარს შორის უთანასწორო ბრძოლები გაიმართა.
ქართულ მხარეს იდგა არა მარტო რეგულარული არმია, არამედ მოხალისეებიც, მათ შორის 510 იუნკერი. ბევრი მათგანი, კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში გმირულად დაიღუპა. ეს ხალხი არის სიმბოლო სამშობლოსთვის თავგანწირული ბრძოლისა. მათი ხსოვნა დავიწყებას არასდროს მიეცემა“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, კომისია და თბილისის საკრებულო სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავსაყოფად ქუჩების სახელდების მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. „საბჭოთა ოკუპაციის დღე სამწუხაროდ, ყველასთვის მტკივნეულ თარიღად რჩება. უთანასწორო ბრძოლამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყვნენ ქართველი იუნკერები. სიმბოლურად დღეს ჩვენ გავხსენით, ერთ-ერთი იუნკერის მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პატივისცემა სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მიმართ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია და თბილისის საკრებულო ამ ადამიანების ღვაწლის და სახელების უკვდავსაყოფად, მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ. ქუჩის გახსნას, საკრებულოს წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.