ბიზნესასოციაციები: ბიზნესს მოვუწოდებთ, საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს უსასყიდლოდ შევთავაზოთ სერვისები, იქნება ეს კვება, სამედიცინო მომსახურება თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფა
საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები საკუთარ წევრებს მოუწოდებენ, თავიანთი საქმიანობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, გამოხატონ მზაობა, გვერდში დაუდგნენ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ უკრაინელებს და, საჭიროებისამებრ, უსასყიდლოდ საკუთარი სერვისები შესთავაზონ, იქნება ეს კვება, სამედიცინო მომსახურება თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე
რესტორატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ, “საქართველოს სასტუმროების ასოციაციის” დამფუძნებელმა – შალვა ალავერდაშვილმა, “საქართველოს საცალო ვაჭრობის ასოციაციის” წარმომადგენელმა – კახა ბერაძემ და “დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის” ხელმძღვანელმა – ივა ჭყონიამ განაცხადეს. ინიციატივას “საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციაც” უერთდება.
“საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები და ჩვენი წევრები, უპირველეს ყოვლისა, ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ მოქმედებებს, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრების მიმართ და სრულ თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ სრულიად უკრაინელ ხალხს.
გაჩერებული საჰაერო მიმოსვლის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. ომის დაწყებისთანავე, რამდენიმე კომპანიამ, კერძო პირმა თუ ასოციაციის წევრმა, საჯაროდ გამოხატა მზაობა გვერდში დაუდგნენ უკრაინელ მოქალაქეებს და შესთავაზეს როგორც საცხოვრეველი ფართები, ასევე, საკვები. ჩვენ, ასოციაციები, ჩვენს თითოეულ წევრს მოვუწოდებთ, რომ საკუთარი საქმიანობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, გამოხატონ მზაობა გვერდში დაუდგნენ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ უკრაინელი ხალხს და საჭიროებისამებრ, უსასყიდლოდ შესთავაზონ საკუთარი სერვისები, იქნება ეს კვება, სამედიცინო მომსახურება თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ეს იქნება ის მინიმუმი, უმძიმეს ვითარებაში მყოფი, სამშობლოდან შორს დარჩენილი ადამიანებისთვის, რომელიც ამ ეტაპისთვის ჩვენ შეგვიძლია , გავაკეთოთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნის მოქალაქეთათვის”, – აცხადებენ
ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
შოთა ბურჯანაძის თქმით, რესტორნებს შეუძლიათ, საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს საკვები განთავსების ადგილზე მიუტანონ.
“რაც შეგვეხება რესტორნებს- შეგვიძლია, ამ ადამიანებისთვის, სადაც განთავსებულები იქნებიან, კვება უზრუნველვყოთ. იმედია, ინიციატივას მოქალაქეებიც შეუერთდებიან. ცხელი ხაზი გვაქვს – 0800800909.
ასევე, ანგარიშის ნომერს გავხსნით, სადაც დახმარების სახით თითოეულ მოქალაქეს შეეძლება, თანხა გადმორიცხოს”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, რიგი სასტუმროები ოთახების რაოდენობას ასახელებენ, სადაც უკრაინელების მიღება შეუძლიათ.
“გუშინ “ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან” ერთად ცხელი ხაზი შეიქმნა.
ჩვენ, სასტუმროები ვაწვდით ოთახების რაოდენობებს, სადაც ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების მიყვანა შეიძლება. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ ხდება. ამის კოორდინაციას “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” თავობს. “რესტორატორთა ასოციაციის” მხრიდან ასევე დიდი მხარდაჭერაა. ისინი ამბობენ, მოგვეცით მისამართები და ამ ხალხს საკვებს მივუტანთო”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
თამუნა შეყილაძე