პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
„ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა და ოკუპაცია, ჯერ კიდევ რა დასრულებულა – ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს ბრძოლა გრძელდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოჯორში განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე – 101 წლის წინ, ამ დღეებში, თბილისის შემოგარენში ბრძოლები მიმდინარეობდა, როდესაც საბჭოთა რუსული არმია, წითელი არმია საქართველოს იპყრობდა. მაშინ წითელმა არმიამ შეძლო საქართველოს დაპყრობა და ჩვენი ქვეყანა რამდენიმე ათეული წელი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ. ეს ბრძოლა და ოკუპაცია სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რა დასრულებულა.
ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და ის ბრძოლა, რომელიც მაშინ, 101 წლის წინ მიმდინარეობდა და წარმატებით ვერ დასრულდა, მივიყვანოთ ბოლომდე”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დღეს, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი და დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს.
„განსაკუთრებით, დღევანდელ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, იმ ომის ფონზე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ აიცილა მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი, მშვიდი, და მტკიცე,რათა, ერთის მხრივ, უკრაინელ დებს და ძმებს მივეხმაროთ, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ, რომ მოხდეს ისეთი ცვლილებები, რამაც შეიძლება კატასტროფული გავლენა მოახდინოს ზოგადად, რეგიონზე”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.