“იძულებულები ვართ, დავტოვოთ ქვეყანა” – სუხიშვილების მიმართვა უკრაინიდან
ცოტა ხნის წინ ნინო სუხიშვილმა მოცეკვავეებთან ერთად ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინის დატოვება უწევთ. ისინი გასტროლებზე ჩავიდნენ, მაგრამ, საომარი ვითარების გამო, საქართველოში ბრუნდებიან. ვიდეომიმართვაში ნინო სუხიშვილი უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებს.
“დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები, მაგრამ გუშინ მოხდა ის, რაც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ იძულებულები ვართ, დავტოვოთ ქვეყანა, ვცდილობთ, რომ პოლონეთის საზღვარზე გადავიდეთ და ვეცდებით იქიდან გამოფრენას”, – ამბობს ნინო სუხიშვილი.
მან მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს, ასევე, გამოხატა მხარდაჭერა უკრაინელების მიმართა.
“მინდა, ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ, 17 წელია, დავდივარ ამ ქვეყანაში, ჩვენთვის ეს ხალხი ძალიან ახლობელია”, – ამბობს ის ვიდეომიმართვაში.