აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან საკრედიტო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას”(წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამა), რომელსაც 28 იანვარს მოეწერა ხელი.
საკრედიტო შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსათვის სესხის სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას. მომხსენებელის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პროგრამის მიზანი წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებაა, რაც თავის მხრივ წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის მართვის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.
მისივე თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორს და უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს. სესხის ხანგრძლივობა – 20 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 5 წელი.