საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილა
აუდიტის ჯგუფმა მიმდინარე წლის პირველ სამუშაო სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2 ანგარიში განიხილა. „ჩვენი ჯგუფი ცენტრალურ დონეზე იხილავს აუდიტის სამსახურის მიერ შექმნილ ყველა დასკვნას. ეს არის ტრადიცია, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს”, – განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯგუფის წევრმა, გოგი მეშველიანმა.
ჯგუფის წევრები გაეცნენ იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც ანგარიშების ფარგლებში იქნა გამოკვეთილი. „საჯარო სექტორში IT პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში”, რომელიც 2014-2019 წლებს მოიცავს, ჯგუფის წევრებს აუდიტის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის უფროსმა მარიამ მაღრაძემ გააცნო. აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
გამოვლენილ ნაკლოვანებებზე სულ გაცემულია 4 რეკომენდაცია – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ციფრული მმართველობის სააგენტოზე. მომხსენებელმა აუდიტის განხორციელების წინაპირობაზე საუბრისას განაცხადა, რომ საჯარო სერვისების დიჯიტალიზაციამ და სერვისების გაციფრულების მზარდმა ტენდენციამ გამოიწვია აღნიშნული მიმართულების რეგულირების მნიშვნელობის ზრდა. აუდიტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ორ მიმართულებას – უწყებების დონეზე თითოეული IT პროექტის ბიუჯეტირებისა და დროულობის საკითხს და ცენტრალური მთავრობის დონეზე აღნიშნული პროცესების მონიტორინგის, კოორდინაციის და საკანონმდებლო ბაზის მიმართულებით არსებული პრაქტიკის შესწავლას.
აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა „მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში”, რომელიც ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა გააცნო. ჩატარებული აუდიტის მიზანი იყო სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი რეკომენდაციების გაცემა.
აუდიტის პერიოდი მოიცავდა 2019-2020 წლებს, ასევე, 2021 წელს განხორციელებულ ყველა საქმიანობას და შიდა პროცესებს. ჯგუფის სხდომაზე განხილულ ანგარიშებში ასახული თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა. აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა გაიზიარეს აუდიტის მიგნებები და ჯგუფს გააცნეს მოსაზრებები წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე, ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. „ნამდვილად სასიამოვნოა ისეთი სამუშაოს, აუდიტის მიგნებების და შეფასებების განხილვა, სადაც ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით მიდის საერთო კონსენსუსამდე, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან წაადგება საქმეს.
მნიშვნელოვანი სფეროა და ამ სფეროს სწორი მიმართულებით განვითარება ეფექტური იქნება ნებისმიერი ჩართული უწყებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის”,-განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ გოგი მეშველიანმა.