სოზარ სუბარი: რუსეთის პრეზიდენტი ესკალაციის გასაზრდელად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს მტკიცე
“რუსეთის პრეზიდენტი ესკალაციის გასაზრდელად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს მტკიცე, მშვიდი და საერთაშორისო ნაბიჯებთან შესაბამისი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებლად დადგება დრო, როცა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება.
„რუსეთი მეზობლების მიმართ იმ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, რაც დიდი ხანია, დაწყებული აქვს და რაც განსაკუთრებით მკაფიოდ 2008 წელს საქართველოში შემოჭრით და 2014 წელს უკრაინაში შეჭრით გამოვლინდა. აუცილებლად დადგება დრო, როცა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება. ამას საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო დღის წესრიგი უზრუნველყოფს. მანამდე, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები უნდა გავიმეოროთ, რომ ცივი გონებით, მშვიდად, აუღელვებლად და მართლა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა იყოს რეაგირება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.