თენგიზ ფხალაძე: რუსეთმა ძალიან ცუდი, სახიფათო გზა აირჩია და ამით ცდილობს, მიზანს მიაღწიოს

“რუსეთის ქმედებებში სტრატეგიულად არაფერი შეცვლილა. ეს არის შანტაჟის პოლიტიკა, რომელზეც არ ჭრის დიპლომატიური ენა – ყველამ იცის, რომ ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას და სწორედ მას უნდა მოეკითხოს პასუხი”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთში რაციონალურზე მეტად ირაციონალური და ემოციური ფაქტორი მოქმედებს, პუტინისთვის კი დღეს უკან დახევა ემოციურად ძალიან რთული იქნება.

“რუსეთის ინსტრუმენტებია შანტაჟი, დაშინება და ამ გზით რაღაცის გამოძალვა. ეს სიახლე არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შედარებით დახვეწილია ჰიბრიდული ომის ტექნიკა, სტრატეგიულად 2008 წლის ერთგვარი დეჟავიუც კია. ფაქტობრივად, განსხვავება არ არის, ზუსტად იგივე ტერმინები გვესმის, გაეროში ერთი ერთზე გაიმეორეს “ცხელი თავებიც” კი. ბოლო დღეებში მოსახლეობის გახიზვნაც და პროვოკაციებიც იგივეა, რაც ხდებოდა 2008 წლის ივლისის მიწურულსა და აგვისტოს დამდეგს. აბსოლუტურად იგივე ხელწერაა და უმეტესად იგივე სახეები, იგივე რიტორიკა, იგივე პროპაგანდაა. ასე რომ, რუსეთის ქმედებებში სტრატეგიულად არაფერი შეცვლილა. ეს არის შანტაჟის პოლიტიკა, რომელზეც არ ჭრის დიპლომატიური ენა და მხოლოდ მასზე ძლიერი ძალის ეშინია. მაშინ იხევს უკან. ეს მთლად რბილი ძალა არ არის, რადგან რბილი ძალა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც რუსეთს არ გააჩნია. ეს ფსევდორბილი ძალაა, მაგრამ ამჯერად აქცენტი კეთდება დეზორიენტაციაზე, დეზინფორმაციაზე. აქცენტები კეთდება ცრუფაქტებზე. რუსულ საინფორმაციო სივრცეს თუ შევხედავთ, უკრაინაშიც ისევე ეომებიან დასავლეთს, როგორც საქართველოში 2008 წელს. მაშინ ამბობდნენ, რომ ამერიკამ წაახალისა საქართველოში ომი და დღეს ამას იმეორებენ, ამერიკა და დასავლეთი აქეზებს ომს უკრაინაშიო. ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო გაცილებით მომზადებული დახვდა რუსეთს, ვიდრე ეს 2008-ში და თუნდაც 2014-ში. მე მხოლოდ ექსპერტებს არ ვგულისხმობ, ოფიციალური პირები ძალიან გასაგებად ეუბნებიან კრემლს, ვიცით თქვენი მოქმედების სცენარი, ვიცით, რომ თავად დგამთ პროვოკაციებს, ქმნით ცრუფაქტებს და საბაბად იყენებთ აგრესიისთვის. ვიცით და არ გაგივათო. თუ ამისთვის აქამდე მსოფლიო მოუმზადებელი იყო, დღეს უკვე მზად არის და კრემლს ეუბნება, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიო.

არიან რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნები, მაგალითად, გერმანიაში რუსული ენერგომატარებლების წილი მესამედზე მეტს შეადგენს. პრობლემა ზუსტად ის არის, რომ რუსეთი ამ განსხვავებებზე თამაშობს, რათა დაარღვიოს ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობა. შესაძლოა ეს რომელიმე ქვეყანასთან არ გასდის, მაგრამ ცდილობს სხვაგან გამოიყენოს. ახლა არის ის შემთხვევა, როდესაც სხვა პასუხი მიიღო და ის წინააღმდეგობა შეხვდა, რასაც ნამდვილად არ ელოდა. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი ომისკენ მიდის და მე ნაკლებად მჯერა პუტინის რაციონალურობის, მაგრამ რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, მთავარია, მან მიიღოს ის პასუხი, რაც უნდა მიიღოს. ეს არის უმთავრესი. მან უნდა დაინახოს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ყველა მზად არის და აგრესია არ შერჩება.

რუსეთში რაციონალურზე მეტად ირაციონალური და ემოციური ფაქტორი მოქმედებს. პუტინისთვის დღეს უკან დახევა ემოციურად ძალიან რთული იქნება. ფაქტია, მისმა გარემოცვამ დიდი ფული დაკარგა თუნდაც ბოლო პერიოდში, ლაპარაკია ათობით მილიარდ დოლარზე. ახლახან ბრიტანეთმა ოქროს ვიზები გაუუქმა რუს ოლიგარქებს, ამასთან, დიდ საწარმოებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ბუნებრივია, ყველა ეს ძალა, რომლებიც რეალურად კრემლის დაფინანსებულია, უკან დახევის შემთხვევაში პუტინს მოსთხოვს პასუხს. მე მეჩვენება, რომ დღეს დიპლომატიისთვის სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება, თუმცა დასავლეთს ეს კარი არ დაუხურავს და რაციონალური აზროვნების შემთხვევაში რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეუძლია, მაგრამ მოლაპარაკებაზე აღარავინ დაუჯდება იმ საკითხზე, რასაც ის ითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდეს. რა ნიღაბიც უნდა მოირგოს, ყველამ იცის, რომ ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას და სწორედ მას უნდა მოეკითხოს პასუხი. ამიტომ ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, თითქოს უკრაინამ დაარღვია მინსკის შეთანხმება და ამიტომ შეიქნა იძულებული ეღიარებინა. ამიტომ აწყობს პროვოკაციებს და ამიტომ არის ეს ძალიან საფრთხილო, რადგან შეიძლება პროვოკაციას არ უპასუხო ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, მაგრამ როდემდე არ უპასუხებ? ამ პროვოკაციების შედეგად უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, დაიწვა სახლები, საბავშვო ბაღები. შეუძლებელია მუდმივად გესროდნენ და შენ პასუხს არ სცემდე. რუსეთმა ძალიან ცუდი, სახიფათო გზა აირჩია და ამით ცდილობს მიზანს მიაღწიოს”, – აცხადებს ფხალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები