დონეცკის სახალხო ე.წ. რესპუბლიკიდან რუსეთში ხალხის ევაკუაციას იწყებენ
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა რუსეთში მოსახლეობის მასობრივი გაყვანის ორგანიზება გამოაცხადა.
მისი ვიდეომიმართვა ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
პუშილინი ამბობს, რომ, რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, როსტოვის ოლქში ადგილი გამოიყო დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის, სასაზღვრო პუნქტებში კი სწრაფი გადასვლისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
პუშილინის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ბრძანებას რეგიონში შეტევის დაწყების შესახებ.
“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დროში გასცემს ბრძანებას სამხედროებს შეტევაზე გადასვლაზე, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე შეჭრის გეგმის განსახორციელებლად”, – თქვა მან.
ამასთან, მანვე დასძინა, რომ “კიევის ხელისუფლება მუდმივად ზრდის კონფლიქტის ზონაში სამხედრო პერსონალს და ადგილზე იარაღის რაოდენობას”.
“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, რომლებსაც აქვთ სამხედრო ოპერაციების ჩატარების გამოცდილება, არიან მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. მათ შეუძლიათ, სრულად დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. თუმცა, მტრის დაბომბვისას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”, – თქვა მან.
დღეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს დონბასში მხოვრებ მოსახლეობას მიმართა და დაამშვიდა, რომ უკრაინის შეიარღებული ძალების რეგიონზე შეტევას არ აპირებენ.
მისი თქმით, ხალხი არ უნდა აყვეს რუსული პროპაგანსიტული მედიის მიერ გავცრელებულ ცრუ ინფორმაციას.
ოლექსი რეზნიკოვის თქმით, “უკრაინა კი არ არის თქვენი მტერი, არამედ ისინი, ვისაც, თითქოს, თქვენი დაცვა სურს”.