“უკრაინა კი არ არის თქვენი მტერი, ნუ გეშინიათ, თავდასხმას არ ვაპირებთ” – უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა  

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა, არ დაუჯერონ ყალბ ცნობებს, თითქოს, უკრაინის ჯარი დონბასზე შეტევას გეგმავს.

ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები აძლიერებენ თავდაცვას აღმოსავლეთით, მაგრამ არ აპირებენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას დონბასში.

მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს დიპლომატიური გზებით რეგიონში დეესკალაციის მცდელობებს და საფრთხეს არ შეუქმნის დონბასსა და ყირიმის მცხოვრებლებს.

“მივმართავ ლუგანსკის, დონეცკის, ალჩევსკის, გორლოვკას, იასინოვატის და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს: ხალხო, ნუ გეშინიათ! უკრაინა კი არ არის თქვენი მტერი, არამედ ისინი,ვისაც, თითქოს, თქვენი დაცვა სურს”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან პროვოკაციების წინაშე დგას, რომელიც ქართული სცენარით ამზადებს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებით.

თუმცა, მინისტრის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი სცენარისთვის და, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის თავდაცვისთვის.

“ჩვენი ამოცანა არ არის, გავაკეთოთ ის, რისკენაც რუსეთი გვიბიძგებს – პასუხი გავცეთ, მაგრამ სიფხიზლე არ დავკარგოთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ უკრაინა საკუთარ თავდაცვას აძლიერებს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები