ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე, წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს მოწესრიგდა ამ ქუჩების გარკვეული ნაწილი, ახლა კი მეორე ეტაპი დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 8 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე ვაგრძელებთ სამუშაოებს, სადაც გასულ წელს გარკვეული მონაკვეთი უკვე მოწესრიგდა. ახლა ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ხოლო ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო, – აღნიშნულია ინფორმაციაში.