თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის 12 მოწმე გამოიკითხება.
ჩვენება “პირველი არხის” ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმაც მისცა, რომელსაც თვალი სწორედ ბრალდებულების ქმედებების შედეგად დაუზიანდა.
“პრაქტიკულად, ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ. არ მინდა, ჩემ გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავება, გთხოვთ, უმკაცრესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ.
ფაქტობრივად, სახლში ვარ გამოკეტილი და სამსახურშიც თუ ვარ პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ, პრაქტიკანტსაც არ ასაქმებენ ისე, როგორც მე ვარ დასაქმებული „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ჩემი საქმე, პრაქტიკულად, საქმე არ არის. მირჩევნია, სახლში ვიყო და საკუთარ თავს მივხედო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ თავისუფალ დროს გავიდე და მეგობრებთან გავერთო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი”, – ამბობს თვალიაშვილი.
მისი თქმით, დაშავების შემდეგ პირველი დიაგნოზი თვალის ქიმიური დამწვრობა დაუსვეს, ამის შემდეგ კი ორივე თვალიდან 10 დღე ვერაფერს ხედავდა – “ერთ-ერთი ჩემი კოლეგა თავისი ხელით მაჭმევდა, ფიზიკურად არ მქონდა ძალა, რომ ხელი ამეწია და ჩემით მეჭამა“, – თქვა ილია თვალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს საერთო ჯამში 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.