ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ლარის გამყარების ტენდენცია შეუქცევადი იქნება. ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ლარი მყარდება. უფრო სწორად, ლარის გამყარება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო. ეს, პირველ ყოვლისა, ფუნდამენტურ ფაქტორებს ეყრდნობოდა: დეკემბერში სარეკორდო იყო ეკონომიკური ზრდა,რაც წლიურ ძალიან მაღალ მაჩვენებელშიც აისახა. საბოლოოდ, ვიცით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10, 6 % გვქონდა. ასევე, დეკემბერში ექსპორტის ზრდაც მაღალი იყო, რაც ლარის კურსზე პირდაპირ ზემოქმედებს. ასევე შეგვიძლია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დავასახელოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილები, რომელიც დაახლოებით 25 %-ით იყო გაზრდილი. ეს ტენდენცია ამ წელსაც გაგრძელდა. იანვრის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა. ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 48 %-ითაა გაზრდილი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მოლოდინებიც. როცა გარკვეულ პერიოდში ვალუტა მყარდება, მოლოდინებიც პოზიტიურია. ყველას აინტერესებს ფასები და ინფლაცია. დღეს მთავარი გამოწვევა ინფლაციაა, რომელიც თუნდაც დეკემბერში ძალიან მაღალი იყო. უნდა ვთქვათ, რომ ინფლაციის მიზეზი იყო არა იმდენად ლარის კურსი, არამედ -“საგარეო ბაზრებზე საქონელზე არსებული მაღალი ფასები. გაძვირების ტრენდი დღესაც გრძელდება. ეს კოვიდპანდემიური ეკონომიკის შედეგი იყო.
ბევრი პროგნოზით, ამ წელს გლობალურად ინფლაცია გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე – შარშან.
ლარის გამყარების მოლოდინი პოზიტიურია. აქვე შემიძლია, პროგნოზი დავსვა – იანვარში ეკონომიკური ზრდაც ძალიან მაღალი გვექნება. ინფლაცია, ჩემი პროგნოზით, პირველი კარტლიდან შემცირებას დაიწყებს და არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს მიზნობრივამდეც მივიდეთ, დაახლოებით, 3-4 % იყოს. რაც შეეხება ლარის კურსს: ის, ბუნებრივია, ერთ ადგილზე გაჩერებული ვერ იქნება. პერიოდულად შეიძლება, კურსის გარკვეული ცვლილება ზემოთ ან ქვემოთ იყოს. მაგრამ ლარის გამყარების ტენდენცია შეუქცევადი იქნება. ექსპორტზე ვისაუბრე, ამ წელს ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კიდევ უფრო ზრდა იქნება მოსალოდნელი. კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ფაქტორს მინდა, ხაზი გავუსვა: ესაა ის, რომ, ყველა პროგნოზით, ამ წელს პანდემიური ციკლის დასასრული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური გაჯანსაღებისათვის. ლარის კურსის გამაყრებასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვექნება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, გამყარების შემდეგ ბოლო დღეებში ლარი გაუფასურდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9934 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4065 ლარია.
თამუნა შეყილაძე