მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება სრულიად უსამართლოა, თუმცა არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სრულიად უსამართლოა.

ასევე, როგორც მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, გარდა იმისა, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის:

„დღეს ნამდვილად ბევრი ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ჩვენს ურთიერთობებში, რეალურად პოლიტიკური დიალოგის არქონის პირობებში, მაშინ, როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი და უკვე წელიწადზე მეტია, ამ რეჟიმში უწევს საქართველოს გარკვეული ურთიერთობების წარმართვა, რაც, ერთი მხრივ, არის ბრიუსელის გადაწყვეტილება და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს რეალობა, რომელ რეალობაშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით, სხვადასხვა, თან მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით.

დღეს ზოგადად გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ძალიან ხშირად იკვეთება თუნდაც ევროპის საჭიროებები, საქართველოს, ჩვენი რეგიონის შესაძლებლობები, დინამიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ვთვლით, რომ სრულიად უსამართლოა ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან. თუმცა, გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობა, რომლის დროსაც ხდება ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, გვაქვს მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიდგომას დღეს ძალიან ბევრი არ იზიარებს“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები