საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ გენადი ბესტაევს დღეს სოფელ მერეში გადაასვენებენ

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ გენადი ბესტაევს დღეს სოფელ მერეში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ბესტაევი პალიატიური მკურნალობის ცენტრში, მართვით სუნთქვაზე 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალების მიერ 5-ჯერ იყო დაკავებული.

2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. „ცხელი ხაზით” მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, ცხინვალის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცა.

ბესტაევი ჯერ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის პალიატიურ კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

გენადი ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, 2019 წლის ნოემბერში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ოკუპირებული რეგიონის სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესტაევმა ე.წ. საზღვარი რამდენჯერმე დაარღვია და, შესაბამისად, მკაცრი სასჯელი მიესაჯა. სინამდვილეში მავთულხლართები გენადი ბესტაევის სახლის ეზოში გადის. როგორც ზარდიაანთკარში ამბობენ, ამის გამო კონფლიქტი რუს სამხედროებთან ხშირად მოსდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები