რუსი პოლიტოლოგი: რუსეთმა უკრაინაში დასავლეთს დაუთმო
რუსი პოლიტოლოგის, ლეონიდ რაძიხოვსკის თქმით, “უკრაინის ირგვლი აგორებული ხმაურის გარშემო, რუსებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ კრემლმა დასავლეთის წინაშე წააგო”.
ამის შესახებ მან Haqqin-თან საუბარში თქვა.
“რუსების თვალში რუსეთმა ზეწოლას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. ეს ისეთივეა, როგორც შეჯიბრში, როცა ადამიანები ერთმანეთს თვალებში უყურებენ და ვინც პირველი ახამხამებს, წააგებს. კრემლისთვის, ეროვნული პრესტიჟის გაზვიადებული წარმოდგენებით, ეს სიტუაცია აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ, აუცილებელია რაიმე სანახაობრივი ჟესტის გაკეთება, რომ წაშალონ რუსების მასობრივი ცნობიერებიდან დანაკარგის სამწუხარო შეგრძნება,“ – თქმა მან.
მისი თქმით, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის სავარაუდო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერი იყო, თუ არა – პიარი.
რაც შეეხება ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების საკითხს, რაძიხოვსკი ამბობს, რომ კრემლისთვის აუცილებელია რაიმე სანახაობრივი პოლიტიკური ჟესტი, რომ როგორმე გაამართლოს ჯარების გაყვანა უკრაინის საზღვრიდან.
რაძიხოვსკის თქმით, მოსკოვს, ამ მხრივ, მცირე არჩევანი აქვს, “იმის გამო, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ შეჭრის საფრთხემ შედეგი არ გამოიღო, გარკვეული ხმაურიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება რჩება”.
“ასე გაჩნდა იდეა, რომ მოხდეს დონეცკის და ლუგანსკის საკანონმდებლო დონეზე აღიარება და ეს გადაწყვეტილება გამოიყენონ მორიგი პიარ კამპანიად და იმის მცდელობად გაასაღონ, რომ დასავლეთთან დაპირისპირებისას რუსეთი უკან არ იხევს, პირიქით. მაგრამ ამ შემთხვევაში კრემლი რისკავს, დაკარგოს პოლიტიკური ზეწოლის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ბერკეტები, მის შეუპოვარ სამხრეთელ მეზობლებზე. აქამდე მოსკოვი, როგორც ცნობილია, უკრაინას (და არა უსაფუძვლოდ) ადანაშაულებდა მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში. დონეცკის და ლუგანსკის აღიარებით კი, რომლებიც, ამ შეთანხმების მიხედვით, უკრაინის ნაწილია, კრემლი რეალურად თამაშობს პრეზიდენტ ზელენსკის თამაშს, რითაც ართმევს მინსკის შეთანხმებებს იურიდიულ ძალას.
ამიტომ, მოსკოვი დღეს ურთულესი დილემის წინაშე დგას: ერთი მხრივ, მას ჰაერივით სჭირდება სანახაობრივი ჟესტი, როგორც რუსეთის მორიგი დიპლომატიური გამარჯვების დადასტურება და, მეორე მხრივ, მეამბოხე დონეცკის და ლუგანსკის საკანონმდებლო აღიარება, ნიშნავს მინსკის შეთანხმებების პოლიტიკურ სიკვდილს.
შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება არ მოხდება. რუსეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მუდმივი საყვედურებისა და ბრალდებების ობიექტური მიზეზის შენარჩუნება. რაც შეეხება საინფორმაციო ომში წაგებას, სოლოვიოვებისა და მათი გუნდების დუეტი, ორ სახელმწიფო ტელეარხზე, საჭირო და დამაჯერებელ სიტყვებს იპოვის, რომ რუსებს დამარცხება ბრწყინვალე გამარჯვებად წარუდგინოს”, – ამბობს ლეონიდ რაძიხოვსკი.