არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალურ მოძრაობას”: „მთავარი რეფორმატორი, თქვენი ლიდერი რომ ამხილეს რეფორმებისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებაში, მაგაზე პასუხები არ მოგვისმენია”
„იმეორებენ ბოლშევიკურ სლოგანს, რომ უმრავლესობა გამდიდრდა და ტელევიზიებიდან აქვთ ერთადერთი პროპაგანდა – ბიზნესიდან მოსულ დეპუტატებს მიადგებიან სახლში, მათ მშობლებს ზონდერებივით აწუხებენ და ზეწოლას ახდენენ ოჯახის წევრებზე და მერე ხალხს ეუბნებიან, რომ ეს ადამიანები თითქოს პარლამენტში გამდიდრდნენ. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი საკუთარი საჯარო მოხელე თუ თანამდებობის პირი არ დაუსჯია და არცერთი კორუფციული საქმე არ გამოუძიებია, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილ ხელისუფლებას არ გამოუძიებია, საიდან აქვთ დაგროვილი ქონება მათ თანაგუნდელებს, არც იმაზე გაუციათ პასუხი, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განკუთვნილი თანხების მითვისებაში ამხილეს.
„თქვენ არც ის მოგიკითხავთ, ვის საიდან გაქვთ დაგროვებული ქონება და, სხვათა შორის, პასუხები არ მოგვისმენია არც იმაზე, რომ თქვენი ლიდერი რეფორმების განკუთვნილი თანხების მითვისებაში ამხილეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.