გივი მიქანაძე: დღეს ოპოზიცია წარმოდგენილია 64 დეპუტატით და დღევანდელი სხდომის შემდეგ წარმოდგენილი იქნება 61 დეპუტატით

დღეს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რამდენიმე კოლეგისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ოპოზიციის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, კვლავ დეზინფორმაციისა და სპეკულაციის გზას დაადგა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი ინფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ მიერ მოწვეულმა იურისტებმა და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომ თითქოს სამართლებრივად არ არსებობს ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ვერცერთი სამართლებრივად გამყარებული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, თუ როგორ უნდა მოიქცეს პარლამენტი, თუ პირი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, გივი მიქანაძის განცხადებით, მან ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას, რომ თითქოს, მას არ სურდა პარლამენტში შესვლა და ეს მოთხოვნა საზოგადოებისა და პარტიისგან დაკვეთის სახით მიიღო.

„უმრავლესობამ მე-10 მოწვევის პარლამენტში მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მას ეს უფლება ორჯერ შეუნარჩუნდა, თუმცა მან აქედან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია ვითარება.

„ის ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს საპარლამენტო მანდატი. მსგავსი უდიერი დამოკიდებულება პარლამენტის ინსტიტუტის და საკუთარი ამომრჩევლების მიმართ, მემგონი, დამატებით შეფასებებს აღარ საჭიროებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ სიები თვითონ მათ გაანულეს, სხდომები გააცდინეს, განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე თვითონ დაწერეს.

„ამიტომ, თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ნაცვლად 66 დეპუტატისა, დღეს ოპოზიცია წარმოდგენილია 64 დეპუტატით და დღევანდელი სხდომის შემდეგ წარმოდგენილი იქნება 61 დეპუტატით,“- მიმართა ოპოზიციას გივი მიქანაძემ.

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები