ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინაში ერთიანობის დღედ გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
ამის შესახებ მან მოქალაქეებისადმი მიმართვაში თქვა.
ზელენსკის თქმით, შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია.
„ამ დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ყვითელ-ლურჯ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ჩვენს ერთობას დავანახებთ“, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის, გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა 16 თებერვალი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სავარაუდო თარიღად დაასახელა.
ზელენსკის თქმით, „ჩვენ რაღაც გვაქვს დასაპირისპირებელი, გვყავს შესანიშნავი არმია, ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი, ეს უკვე გაცილებით ძლიერი არმიაა, ვიდრე რვა წლის წინ იყო“ და დასძინა, რომ დონბასი და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება – მხოლოდ დიპლომატიური გზით.