თამარ გაბუნია: პრემიერის განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას
განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ “მწვანე საშვის” მოქმედება “ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კორონავირუსის გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია „ომიკრონის” პირობებში გარანტია აღარ არის, რომ პირი აღარ დაინფიცირდება.
„გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა “ომიკრონის” პირობებში გარანტია, რომ პირი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად, “მწვანე საშვის” მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო.
რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან “ომიკრონის” პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ამდენად, ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.