ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორს ვთავაზობთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით
ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორს ვთავაზობთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით 1-2% იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, ეს იდეა პრაქტიკაში წარმატებით განახორციელა და 3-5 წელიწადში შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელში შეასრულეს.
„გვაქვს მეორე ინიციატივა, ამის თაობაზე ეკონომიკურ გუნდთან უკვე მქონდა განხილვა და ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ახლა, ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და გარკვეული არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა.
გვსურს შემდეგი შეთავაზება გავუკეთოთ სამშენებლო სექტორს. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთის მხრივ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით და მეორეს მხრივ, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანიც დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე. ამ ინიციატივით, ჩვენ მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა, ეს არის ძალიან მინიმალური, ვფიქრობ, რომ მილიარდ ლარამდე თავისუფლად შევძლებთ და შეძლებენ ეს კომპანიები ათვისებას.
მინდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის განვმარტო: მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სამინისტროს, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი აქვს შესასრულებელი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციის ქალაქის მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, პოლიციის შენობების აშენება- რეაბილიტაცია, განათლების სამინისტროს 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი პროექტები, იუსტიციის სამინისტროს, ყველას, აღარ ჩამოვთვლი, ასევე ინფრასტრუქტურას, იქნება ეს წყალმომარაგების თუ სხვა პროექტები, ამიტომ, სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. მე ეს იდეა პრაქტიკაში განვახორციელე როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, სამ და ხუთ წელიწადში შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელში შევასრულეთ, ბატონო ჯუანშერ, გახსოვთ კარგად, იქნებოდა ეს ბაზების მშენებლობა, შესყიდვები, ავტომობილების განახლება თუ სხვა უამრავი პროექტი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვახორციელეთ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება.
ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაახლოებით 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გავაკეთებთ და მეორეს მხრივ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მით უმეტეს, პირდაპირ დაკავშირებულია ამ საზოგადოებრივ სამუშაოებთან, რომელსაც ახლა დავიწყებთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება მინიმუმ ერთიდან ორ პროცენტამდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი. ამიტომ, ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ, მე მინდა ამის თაობაზე ბატონ ლევან დავითაშვილს დავავალო, რომ დაიწყოს აქტიური შეხვედრები, გამართოს ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ პროექტს, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.