“ვფიქრობ, ქართველებსაც სურთ, თავიანთი ტვირთი რუსეთის ბაზარზე აფხაზეთის გავლით გაიტანონ” – ბჟანიას ე.წ. მრჩეველი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ აფხაზური საზოგადოება “საქართველოსთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნისთვის, პრინციპში, მზად არის”.
ამის შესახებ მან ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“ამ ომში გამარჯვებულები ვართ და რატომ გვეშინია ვისაუბროთ, მაგალითად, ტვირთის გადაზიდვაზე აფხაზეთიდან სომხეთში. რატომ არ ვსაუბრობთ ტვირთის ტრანზიტზე რუსეთი-აფხაზეთი-საქართველოს გავლით თურქეთში. ჩვენთვის ეს ხომ მომგებიანია. რატომ არ დავიწყოთ უკვე დღეს ასეთი მოლაპარაკებები საქართველოსთან, შევევაჭროთ მათ, დაველოდოთ მათგან წინადადებებს. ვფიქრობ, მათაც სურთ, თავიანთი ტვირთი რუსეთის ბაზარზე აფხაზეთის გავლით გაიტანონ”, – თქვა მან.
ბჟანიას ე.წ. მრჩევლის თქმით, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც “საქართველოდან აფხაზეთში კონტრაბანდული ტვირთი შედის”.
“ხალხი ორივე მხარეს ფულს შოულობს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ვკამათობთ, გავმართოთ თუ არა მრავალდონიანი მოლაპარაკება საქართველოსთან. ხალხი ამ საქმიანობას აგრძელებს. ჩემი აზრით. ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე ღიად, პარლამენტის და საზოგადოების მხარდაჭერით, დავიწყოთ კონსტრუქციული, გამჭვირვალე მოლაპარაკებები. მესმის, რომ ამ მოლაპარაკებების დროს შეიძლება, იყოს ბევრი დახურული თემაც, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. დიახ, მტრები ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკოთ. მხოლოდ ჟენევა საკმარისი არ არის”, – თქვა მან.