“ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის” – ბურჯანაძემ პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრა დატოვა
“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრა დატოვა.
მისი შეფასებით, ამ ფორმატის შეხვედრაში საკუთარ თავს ვერ ხედავს, რადგან რაკურსი წარსულის შეფასებაზე გადავიდა.
ბურჯანაძის თქმით, წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ახლა ნომერ პირველი აქტუალობის არ არის.
“ეს არ არის ჩემი მხრიდან დემარში. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე. მქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაგვაყენებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე. როგორც მინიმუმ, თავის მოსაზრებას გვეტყოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ხედავს ის კრიზისიდან გამოსასვლელად. წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი აქტუალობის. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკური ხედვა მექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ახლა უნდა შეიქმნას შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეკლარაციის მიღებას, ამაში არ ჩავერთვები, კი ბატონო, მზად ვარ ხელი მოვაწერო დეკლარაციას ან მოსაზრებას, რომელსაც ვეთანხმები. ვფიქრობ, ამ ფორმატში ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს.