სოზარ სუბარი: ის, რაც სენაკში მოხდა, უკვე ამ ალიანსის კომიკურ-კრიმინალურ ჟანრში გადატანა იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის რაც სენაკის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა გუშინ გააკეთეს კანონის დარღვევაა.

“ის, რაც სენაკში მოხდა, უკვე ამ ალიანსის კომიკურ-კრიმინალურ ჟანრში გადატანა იყო, კრიმინალური იმიტომ, რომ კანონის დარღვევაა ის, რაც გააკეთეს, კომიკური კი იმიტომ, რომ მართლაც შეუძლებელია მათემატიკა ასეთ დონეზე არ იცოდე და თქვა, რომ 16 კაცს 33-წევრიან საკრებულოში სხდომის ჩატარება შეუძლია. პარლამენტში კენჭისყრა რომ იწყება, დღეში შესაძლოა 5-ჯერაც კი ჩატარდეს რეგისტრაცია იმისათვის, ნამდვილად არის თუ არა ლეგიტიმური ის კანონები, რომლებსაც ვიღებთ. გამოამჟღავნეს დაუოკებელი სწრაფვა, რომ რაღაცნაირად ეს ალიანსი კიდევ უფრო განამტკიცონ და რაღაც თანამდებობები გადაინაწილონ”, – აცხადებს სოზარ სუბარი.

ცნობისათვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენაკში 33-წევრიან საკრებულოში, ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა სხდომა. საპასუხოდ, “ნაციონალურ მოძრაობაში” “ქართული ოცნება” საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განგებ არ ესწრებიან სხდომებს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევა შეაფერხონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები