ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც შარლ მიშელის სახელით ცნობილი დოკუმენტის – „მომავლის გზა საქართველოსთვის“ პირობების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების საკითხებთან მიმართებით გარკვეული წინსვლა იყო და აღებული ვალდებულებების ნაწილი შესრულდა.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ, 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა. იმის მიუხედავად, რომ უკვე დრო გავიდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიაა და ასევე ძალიან აქტუალური. იმის განსახილველად, თუ რა გაკეთდა უკვე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე, რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი დისკუსია ასახავს არსებულ სიტუაციას და განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელი უნდა გადაიდგას შემდეგ. საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპაში სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი. ეს 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს არის არა ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?
მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ წინსვლა იყო შეთანხმებით მოცულ საკითხებთან მიმართებით და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც არ არის შესრულებული, არის სხვადასხვა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ამაში შეიძლება მოვიაზროთ მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისთვის ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამაზე პანელის მონაწილეები როგორ ისაუბრებენ“, – განაცხადა ჰარცელმა.