ნატოს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია უარი თქვას „ღია კარის“ პრინციპზე და კიევისა და თბილისის მიმართ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც მომავალში უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
მისი განცხადებით, „მეორე მხრივ, შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც კიევმა უნდა გაატაროს ნატოს სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, ჯერ კიდევ არასრულია“.
ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალიის მთავრობა მუშაობს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე.
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ სამხედრო ესკალაციის შემაშფოთებელი რისკი“, – განაცხადა მან.