კრემლში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 5-საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაზე, ასევე, იმაზე, რომ, ნატო-ში უკრაინის მიღების შემთხვევაში, ომი გარდაუვალია.
„რატომ არის უკრაინის ნატო-ში შესაძლო მიღება ასეთი საშიში? არსებობს პრობლემა: ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, საფრანგეთს მიაჩნიათ, რომ ყირიმი, დავუშვათ, უკრაინის ტერიტორიაა და ჩვენ გვჯერა, რომ ის რუსეთის ნაწილია. და თუ იქნება ამ ვითარების სამხედრო გზით შეცვლის მცდელობები, მაშინ, როდესაც უკრაინის დოქტრინებში ნათქვამია, რომ: ა) რუსეთი არის მოწინააღმდეგე ბ) შესაძლებელია ყირიმის დაბრუნება სამხედრო გზით. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იყოს, მე-5 მუხლი – გაუქმებული, ეს არის აბსოლუტური იმპერატივი და შესრულდება. გამოდის, იქნება სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის. ჩვენ რა, ნატო-ს უნდა ვებრძოლოთ?”, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები ასეთ ვითარებაში ავტომატურად ჩაებმებიან ომში, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ნატო-სა და რუსეთის პოტენციალი შეუდარებელია.
“ჩვენ გვესმის ეს. მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ბირთვული ზესახელმწიფო. ზოგიერთ კომპონენტში კი, თანამედროვე დროში, ჩვენ ბევრს ვუსწრებთ. გამარჯვებულები არ იქნებიან და თქვენ აღმოჩნდებით ჩათრეული ამ კონფლიქტში თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებთ, რომ დაიწყებთ რომის ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის შესრულებას. ბატონ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ სურს ეს განვითარება. მეც არ მინდა. ამიტომ, ის აქ არის და ზედიზედ ექვსი საათია, მტანჯავს კითხვებით, გარანტიებით, გადაწყვეტილებების ვარიანტებით“, – განაცხადა პუტინმა.