ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდათ
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრობის 103 კანდიდატს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.
აღნიშნული დაგეგმილი ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა, რომელიც 12 მარტს ჩატარდება.
ფსიქიატრიული შემოწმება სამ ეტაპად ხდება.
პირველ ეტაპზე, ამოწმებენ, არის თუ არა ე.წ. კანდიდატი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რეგისტრირებული. მეორეზე – ე.წ. კანდიდატი ასრულებს სატესტო დავალებებს, რომელთა დახმარებითაც განიხილება გონებრივი აქტივობის ძირითადი ფუნქციები – აზროვნება, მეხსიერება, ინტელექტის დონე. მესამე ეტაპზე ფსიქიატრთა კომისია ამოწმებს კანდიდატს გაჭიანურებული და ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის გამორიცხვის მიზნით.
შემოწმების შედეგად, გაიცემა შესაბამისი ცნობა.
ე.წ. კანდიდატების შემოწმება 21 იანვარს დაიწყო და 10 თებერვალს დასრულდება.
როგორც რესპუბლიკური სპეციალიზებული ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ე.წ. მთავარმა ექიმმა, ირინა ანუამ თქვა, ღირსეული კანდიდატები არიან შერჩეული.
” ზოგადად, არიან ღირსეული კანდიდატები, ნორმალური ინტელექტუალური დონით, ყოველგვარი სერიოზული, მძიმე ფსიქიკური პრობლემების გარეშე, რადგან ფსიქიკური აშლილობა მოიცავს მძიმე, სერიოზულ მტკივნეულ ან ხშირად გამწვავებულ გამოვლინებებს. მაგრამ ასეთი შემთხვევები ჯერ არ გვინახავს. 103-ვე ადამიანიდან ყველა უმაღლესი განათლების მქონეა, საკმარისად განათლებულები არიან, ნაკითხი კანდიდატებია წარდგენილი“, – განაცხადა ანუამ.