გორლოვკაში საომარი მოქმედებების შედეგად 30-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა
უკრაინის დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გორლოვკაში გამძაფრებული სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ, “უკრაინსკაია პრავდა” ადგილიდან იტყობინება. მათივე ცნობით, ცეცხლი გახსნილია ქალაქის შემოგარენიდან ცენტრის მიმართულებით. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობას შორის 20-დან 30-მდეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი ქალაქის სამშობიარო სახლთან ახლოს აფეთქდა. მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების სარდაფებშია. გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტებს საცეცხლე წერტილები განლაგებული აქვთ ქალაქის ცენტრში, თუმცა, საკუთარი მეთოდებით მოქმედებენ და ადგილმდებარეობას იმის მიხედვით იცვლიან, სადაც უფრო მეტი ადამიანია.