ლევან დავითაშვილი – „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა”

სოფელ ალავერდში პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort აშენდება. სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „ბადაგონი“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ ჩაუშვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარებისა, კახეთის რეგიონში მორიგი, ძალიან ღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ინვესტორებს, ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, რომ დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, თან ისეთ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა პანდემიის პირობებში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება; ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენ ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. „Alaverdi Resort“ იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის ,,ბადაგონი“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.

პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort ასაშენებლად კომპანია ,,ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 32 ნომრიანი სასტუმრო, წელიწადში, 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს. Alaverdi Resort-ში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე კომპანიის ,,ბადაგონი“ საწარმო დაათვალიერეს და 2010 წლის მოსავლის ექსკლუზიური ღვინო „საფერავი რეზერვი“ დააგემოვნეს. დეგუსტაციას კომპანიის ენოლოგი, დოქტორი დონატო ლანატი უძღვებოდა.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ასევე, კომპანიის „ბადაგონი“ ხელმძღვანელი პირები და იტალიელი პარტნიორები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები