“არც სამხრეთ ოსეთში და არც აფხაზეთში რუსული ჯარი არ არის, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები” – რუსი სენატორი ვაშინგტონის წინადადებას პასუხობს

“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც არ არის რუსული ჯარი, მაგრამ ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. შეერთებული შტატების და ნატო-ს პასუხი ვერ დააკმაყოფილებს რუსეთს, ეს არის გასაოცარი მისი თავხედობით და უპასუხისმგებლობით”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა.

ესპანურ გამოცემა El Paise-ში დღეს “უსაფრთხოების გარანტიებზე” რუსეთის ულტიმატუმზე ვაშინგტონისა და ნატო-ს წერილობითი პასუხი გამოქვეყნდა. დოკუმენტში, მათ შორის, ნათქვამია, რომ აშშ მზადაა, დაიწყოს რუსეთთან დიალოგი შეიარაღების კონტროლის შესახებ ოკუპირებული ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჯარების და სამშვიდობოების გაყვანის საპასუხოდ.

„რა თქმა უნდა, ასეთი პასუხი არ გვაწყობს, ის გასაოცარია თავისი თავხედობით და უპასუხისმგებლობას. შეერთებულმა შტატებმა სრულად არ გაითვალისწინა რუსული მხარის წინადადებები და მათი „მზაობა“ განიხილონ შეიარაღების კონტროლის თემა ეჭვს ბადებს, ვინაიდან აშშ არ ასრულებს ადრე მიღწეულ შეთანხმებებს”, – თქვა სენატორმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, გაუგებარია საკითხი შეიარაღების კონტროლის შესახებ დიალოგის დაწყების შესახებ “ყირიმიდან ჯარების და სამშვიდობოების გაყვანის სანაცვლოდ”. მან ხაზი გაუსვა, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა.

„მოდით, შევთავაზოთ შეერთებულ შტატებს ჯარების გაყვანა ტეხასიდან, რომელიც მათ მექსიკას წაართვეს“, – თქვა ჯაბაროვმა.

ჯაბაროვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც არ არის რუსული ჯარი, მაგრამ ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. დნესტრისპირეთში კი კონფლიქტის შეჩერება სწორედ რუსმა სამშვიდობოებმა შეძლეს”.

„თუ მათ არ სურთ მშვიდობა, მაშინ მიიღებენ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას“, – მიიჩნევს კანონმდებელი.

მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოვიდა, თუმცა, ლონდონს ამის რეალური შესაძლებლობები არ აქვს „არც ეკონომიკაში და არც თავდაცვის სფეროში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები